საფრანგეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით - 26 მაისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას 212-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 31 დეპუტატი კი წინააღმდეგი გამოვიდა. საფრანგეთმა საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში თავდასხმათა სერია განხორციელდა. შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. 300-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
საფრანგეთის მთავრობაში ფიქრობენ, რომ თავდასხმების რისკები კვლავ დიდია. შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნიოვის თქმით, ტერორიზმის საფრთხე ქვეყანაში ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა. საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევს იმის უფლებას, რომ, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, ნებისმიერი იმ ადამიანის შიდაპატიმრობის ბრძანება გასცეს, რომელიც, მათი აზრით, საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებას. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება ჩაატაროს ჩხრეკა ეჭვმიტანილთა სახლებში.
გასული წლის ნოემბერში პოლიციამ 3 300 მსგავსი ჩხრეკა ჩაატარა. შედეგად ამოიღეს 578 იარაღი, 340 ადამიანი დააკავეს და 285 ადამიანის შიდაპატიმრობის ბრძანება გასცეს.