მოითხოვს თუ არა პროკურატურა ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძისთვის პატიმრობის შეფარდებას, ჯერჯერობით უცნობია

მოითხოვს თუ არა პროკურატურა ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძისთვის პატიმრობის შეფარდებას, ჯერჯერობით უცნობია

ჯერ უცნობია, პროკურატურა მოითხოვს თუ არა ტელეკომპანია "იბერიას" საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლაცაბიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას.

საქალაქო სასამართლოსთვის საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მიუმართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადეიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, მისთვის უცნობია, როდის და რა შუამდგომლობით შევა პროკურატურა სასამართლოში. რაც შეეხება ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის პოზიციას, ჩივიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაკვირვებულია წარდგენილი ბრალდებით და არ ეთანხმება მას.

"ზურაბ ადეიშვილი არ ეთანხმება ბრალდებას და გაკვირვებულია. ბრალდებაში არ ემთხვევა პერიოდი - ზურაბ ადეიშვილი იმ პერიოდში არ იყო გენერალური პროკურორი. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში მუშაობდა ამ თანამდებობაზე, როდესაც "იბერიას" საქმე დასრულებული იყო", - განაცხადა ჩივიაშვილმა.

პროკურატურამ 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმე გახსნილად გამოაცხადა. აღნიშნულ საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.

"ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ "ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია "იბერია ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ,,ომეგა ჯგუფის" კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის.