ოდესის გუბერნატორს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ ჰგონია, რომ მას უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტს შესთავაზებენ. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
"კონკრეტული პოსტი არ არის ჩემი ამბიცია. მე ბევრად უფრო მეტი მინდა, ვიდრე უკრაინის მოქმედ პრემიერ-მინისტრს. მე მინდა, პოლიტიკური თამაშის წესების შეცვლა. მინდა, ახალ სახეებს მივცე საშუალება, დაიკავონ სამთავრობო პოზიციები. კარგად ვიცი განწყობები უმაღლეს რადაში, მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ისინი ფიქრობენ – ღმერთმა არ ქნას არჩევნები დაინიშნოს ან არსენი წავიდეს, მოვა გადარეული, პოპულისტი სააკაშვილი და ყველას დაიჭერს და ყველაფერს წაართმევს. მათ ერთმანეთი ისე შეაშინეს, რომ არ მგონია, მე პრემიერის თანამდებობა ვინმემ შემომთავაზოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და გენერალურ პროკურორ ვიქტორ შოკინს გადადგომისკენ მოუწოდა. არსებული ინფორმაციით, ვიქტორ შოკინმა პოსტი უკვე დატოვა. უკრაინის უმაღლესმა რადამ მინისტრთა კაბინეტის გადაყენება ვერ შეძლო. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე ინიციატივას მხოლოდ 194 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უკრაინის უმაღლესი რადა მთავრობის უნდობლობის საკითხის განხილვას სექტემბრამდე ვეღარ შეძლებს.