გიორგი ქადაგიძემ თავი დაანებოს ჭკუის სწავლებას

გიორგი ქადაგიძემ თავი დაანებოს ჭკუის სწავლებას

გიორგი ქადაგიძემ თავი დაანებოს ჭკუის სწავლებას, მოვიდეს პოლიტიკაში, გაიმარჯვოს და შემდეგ გააუქმოს რაც უნდა, - ასე გამოეხმაურა ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საჭიროა საქართველოში სამინისტროების რაოდენობა შემცირდეს.

სოზარ სუბარის თქმით, მთავრობის რეფორმირება გაკეთდება მაშინ, როდესაც ეს საჭირო იქნება და ეს რეფორმები განხორციელდება საჭიროების შემთხვევაში, არა მყვირალა განცხადებების ფონზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათ შორის კახა ბენდუქიძეს თავის დროზე და ე.წ. იმ ლიბერტარიანელებს, რომლებიც არიან "ნაციონალურ მოძრაობაში" ჰქონდათ იდეა, რომ გაეუქმებინათ საკონსტიტუციო სასამართლო, გაეუქმებინათ ეროვნული ბანკი, როგორც უმაქნისი ინსტრუმენტები, თუმცა არ მივდივართ ჩვენ ამ გზით. თავი დაანებოს გიორგი ქადაგიძემ ჭკუის სწავლებას, მოვიდეს პოლიტიკაში, გაიმარჯვოს და შემდეგ გააუქმოს რაც უნდა. მთავრობის რეფორმირება როცა საჭირო იქნება გაკეთდება, თუმცა არა ასეთი მყვირალა განცხადებების ფონზე", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სამინისტროების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

"თუ მეკითხებით, სად შეიძლება ბიუროკრატიის შემცირება, გეტყვით, საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ არაფერი ვთქვათ სხვადასხვა სიპებზე და სტრუქტურებზე. შვეიცარია, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ბიუროკრატიის შემცირების რეზერვი არის ძალიან დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო, უკლებლივ. მაგალითად, შესაძლებელია გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად, გაუქმდეს მაგალითად სასჯელაღსრულების სამინისტრო. ასეთი სამინისტრო არ გვხვდება არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. თავის დროზე, მას შემდეგ, რაც პროკურატურა გაერთიანდა იუტიციის სამინისტროს შემადგენლობაში, წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, ამიტომ აუცილებელი გახდა სასჯელაღსრულების გამოყოფა. ახლა კი, როცა პროკურატურა აღარ არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შეგვიძლია სასჯელაღსრულება მთლიანად დავუბრუნოთ იუსტიციის სამინისტროს. სპორტის სამინისტრო მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ და გადავცეთ განათლების ან თავდაცვის სამინისტროს. შეგვიძლია გავაუქმოთ კულტურის სამინისტრო, რომელიც პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთია. თავისუფლად არის შესაძლებელი სამინისტროების რიცხვის განახევრება", - განაცხადა ქადაგიძემ.