თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოში ჩამოსვლა რამდენიმე საათით გადაიდო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, თვითმფრინავის მიღება, რომლითაც საქართველოში მევლუთ ჩავუშოღლუ უნდა ჩამოფრენილიყო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა ძლიერი ნისლის გამო ვერ შეძლო.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში უკრაინიდან, წუხელ ღამით უნდა ჩამოფრენილიყო, დილიდან კი მას საგარეო უწყებაში შეხვედრები უნდა გაემართა. არსებული ინფორმაციით, მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს რამდენიმე საათში ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დილით დაგეგმილი შეხვედრა კი დღის მეორე ნახევრისთვის გადაიდო.
ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი კოლეგის გარდა შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთანაც და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთანაც გამართავს.
შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში, მევლუთ ჩავუშოღლუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.
19 თებერვალს მევლუთ ჩავუშოღლუ მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში. მინისტრები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მაგისტრალის პროექტის ფარგლებში კარწახის მონაკვეთს დაათვალიერებენ.