ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად მცირე და საშუალო ბიზნესს უსმენს

ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად მცირე და საშუალო ბიზნესს უსმენს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების პრობლემად მცირე და საშუალო ბიზნესთან არსებულ ურთიერთობას ასახელებს.

როგორც ქადაგიძემ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, ხელისუფლება ყველაზე ნაკლებად უსმენს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს.

"მინდა ვთქვა, რომ დღესაც ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვუსმენთ მცირე და საშუალო ბიზნესს. მცირე და საშუალო ბიზნესის გასაჭირი არის მთავარი გამოწვევა ეკონომიკისთვის. ისინი არიან მთავარი დამსაქმებლები და მათ უნდა მოვუსმინოთ ჩვენ. როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველა პრემიერ-მინისტრი ბოლო 10 წლის განმავლობაში შეხვედრას იწყებს ბიზნესასოციაციასთნ შეხვედრით და ისინი ისმენენ ხმას მსხვილი ბიზნესისგან, სინამდვილეში ბიზნესის და ეკონომიკის ფუნდამენტი არის საშუალო და მცირე ბიზნესი", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების დროს ბიზნესზე ტერორს, ქადაგიძის თქმით, მსხვილ ბიზნესს და მსხვილ ბიზნესმენებს არასდროს ჰქონიათ კომუნიკაციის პრობლემა მთავრობასთან. "მინდა მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ კონკრეტული გამონაკლისების გარდა, მსხვილ ბიზნესს და მსხვილ ბიზნესმენებს არასდროს ჰქონიათ კომუნიკაციის პრობლემა მთავრობასთან, მსხვილ ბიზნესს არასდროს ჰქონია პრობლემა, კონკრეტული გამონაკლისების და ერთეული შემთხვევების გარდა, მოეტანა თავისი გასაჭირი, ლობირება გაეკეთებინა საკუთარი პრობლემების გადაწყვეტისთვის და ა.შ. პრობლემა მდგომარეობდა სხვა რამეში, პრობლემა იყო მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთა ხმაც არ ისმოდა. პრობლემა გაღრმავდა 2008 წლის ომისა და ფინანსური კრიზისის შემდეგ - 2009 წელს. მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა საბიუჯეტო შემოსავლებმა, რასაც სახელმწიფომ უპასუხა გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებით. ზუსტად მაშინ, როდესაც დიდი ბიზნესისთვის 100 000, 200 000, 300 000 ლარის დარიცხვა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ პრობლემას, პატარა ბიზნესისთვის ეს არის გაკოტრება, სახლის გაყიდვა, ეს არის სესხის ვერ გადახდა და მნიშვნელოვანი პრობლემები. ზუსტად ეს იყო მთავარი პრობლემა, რომ ჩვენ არ გვესმოდა საშუალო და მცირე ბიზნესის ხმა. ეს იყო ხელისუფლების პრობლემა", - აღნიშნა ქადაგიძემ.