მოჭიდავეებისთვის უცნობია, საიდან მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი

მოჭიდავეებისთვის უცნობია, საიდან მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი

მოჭიდავეებისთვის უცნობია, თუ საიდან მოხვდა მათ ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიდაობის ფედერაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ ანტიდოპინგური სამსახურის ხელმძღვანელმა პავლე კასრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ვინაიდან სპორტსმენები არ ადასტურებენ აკრძალული პრეპარატების მიღებას, ავსტრიულ ლაბორატორიაში დამატებითი კვლევა ჩატარდება.

"როდესაც ხდება სინჯის აღება, სინჯი იყოფა ორ ნაწილად, "ა" სინჯად და "ბე" სინჯად, თუ "ა" სინჯის შედეგებს არ ეთანხმება მხარე ან საეჭვოს ხდის, ამ შემთხვევაში ტარდება შემოწმება უკვე "ბე" სინჯის. თუ "ბე" სინჯში არ აღმოჩნდა რაიმე დარღვევა, "ა" სინჯიც ანულირდება, ხოლო თუ აღმოჩნდა დარღვევა, შესაბამისად, ხდება "ა" სინჯში აღმოჩენილი დარღვევის დადასტურება. ვინაიდან, სპორტსმენები არ აღიარებენ და მათთვის საეჭვოა შედეგები, ავსტიულ ლაბორატორიას, სადაც ჩატარდა სინჯები, მივმართავთ წერილით, რომ "ბე" სინჯის გამოკვლევა მოხდეს", - განაცხადა კასრაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მოჭიდავეებს გააცნეს მათი უფლებები, რაც ეხება გასაჩივრებას და სხვა საკითხებს.

გარდა ამისა, როგორც კასრაძე აღნიშნავს, აღნიშნული პრეპარატი ორგანიზმში აღმოაჩნდათ ყაზახ მოჭიდავეებსაც, რომლებიც დუშეთში ვარჯიშობდნენ. "არ ვიცი სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, თუ არა. ამაზე ვმუშაობთ და ვარკვევთ", - აღნიშნა კასრაძემ.