მთავარია ის პოზიტივი, რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების დამოკიდებულებაში ბიზნესის მიმართ

მთავარია ის პოზიტივი, რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების დამოკიდებულებაში ბიზნესის მიმართ

ჩვენ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ, - ამის შესახებ "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო "რედისონში" ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდნეტმა გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას საინტერესო და წარმატებული უწოდა. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენების ფაქტობრივად ყველა კითხვას უპასუხა.

"დაგვპირდა, რომ იმ საკითხებს უახლოეს პერიოდში გაიგებდა, რომელიც არ იცოდა. მთავარი პირადად ჩემთვის, როგორც ბიზნესმენისთვის, არის ის პოზიტივი, რასაც ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების დამოკიდებულებაში ბიზნესის მიმართ. ის, რომ ხელისუფლება პირდაპირ აცნობიერებს, რომ პრობლემები, რომლებიც დღეს დგას, აუცილებლად გადასაწყვეტია", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, ყველა მნიშვნელივანი თემა და საკითხი, რომელიც ეკონომიკის წინაშე დგას, ქვეყნის მომავალზე პირდაპირ აისახება. ,,ჩვენ პრემიერს მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი საკითხი, რომელიც მან რამდენიმე კვირის განმავლობაში წამოსწია, არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს საკითხები იყოს განხორციელებული", - განაცხდა ჭირაქაძემ.