იმჟამინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია "იბერიას" საქმეზე დაკითხულია და მოწმის სტატუსი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.
"ირაკლი ოქრუაშვილი ამ საქმეზე დაკითხულია და მას მოწმის სტატუსი აქვს. დღეს მე მესმოდა ძალიან ბევრი განცხადება, მათ შორის ადეიშვილის ადვოკატის, პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ეს იყო მასკარადი და ა.შ. მე ამას ცალსახად არ ვეთანხმები. დღევანდელი პროკურატურა მოქმედებს იმაზე ცივილური გზით, ვიდრე ოდესმე უმოქმედია და მოწოდებულია ყველას უფლებების დასაცავად, მასკარადს ის კადრები უფრო ასახავდა, ვიდრე დღევანდელი რეალობა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, სპეკულირება იმ თემით, რომ ოქრუაშვილის ბრალეულობა არ ჩანს, ცოტა უადგილოა. "სწორედ ადეიშვილის და ლაცაბიძის ხელმძღვანელობით მოხდა ლიცენზიის გამოძალვა კანონიერი მფლობელებისგან, სწორედ მათი მეშვეობით მოხდა ლიცენზიის გადაფორმება მათთან დაახლოებულ პირებზე და საბოლოოდ, უკვე 2013 წელს დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს. ამ ეპიზოდში რა მტკიცებულებებიც გამოიკვეთა, ეს არის ამ უწყების ორი უმაღლესი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხში. რაც შეეხება უშუალოდ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ სხვა ეპიზოდებს, თუ გამოძიების პროცესში გამოიკვეთება სხვა პირების დანაშაულებრივი ქმედება, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება", - განაცხადა ნადარეიშვილმა.
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ამ საკითხზე კითხვები გაჩნდეს. "ზოგადად, საქმის მასალებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო და შესაძლოა კითხვები მასთანაც გაჩნდეს, თუმცა ჩემი მხრიდან ამის დაანონსება არ იქნება სწორი. საქმის მასალებს ვიცნობ, საკმაოდ მოცულობითია და მინდა გითხრათ, რომ გამოძიება ჯერ არ დასრულებულა", - განაცხადა ნადარეიშვილმა.