კობა გვენეტაძე ნებისმიერ პოსტს დაამშვენებდა - მისი კვალიფიკაცია ამის საფუძველს იძლევა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა კითხვას იმის შესახებ, რამდენად ელის, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში, საბჭო მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე წარადგენს.
აქვე აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგენის საკითხი თავად საბჭოს გადასაწყვეტია. "მინდა მივესალმო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრთა გადაწყვეტილებას და კობა გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერას. ვფიქრობ, ეს არის ნიშანი და ხაზგასმა, პროფესიული საქმიანობის, საკითხისადმი პროფესიული მიდგომის, რადგან კობა გვენეტაძე პრეზიდენტმა პარლამენტს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების შედეგად წარუდგინა. აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმები: განათლება, კვალიფიკაცია და პოლიტიკისგან თავისუფლება, ანუ აპოლიტიკურობა. ეს იყო სწორედ ის, რასაც კომიტეტმა მხარი დაუჭირა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ანალოგიური გზა გველოდება წინ, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა და პარლამენტის პლენარული სხდომა იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი აბაშიშვილმა.
გვენეტაძეს დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მოუსმინა. კომიტეტის წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, მისი კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე წარდგენის საკითხს მხარი დაუჭირეს.