საქართველოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 17 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების საკითხებს.

ვიზიტის ფარგლებში, მევლუთ ჩავუშოღლუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

19 თებერვალს მევლუთ ჩავუშოღლუ მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში. მინისტრები ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მაგისტრალის პროექტის ფარგლებში კარწახის მონაკვეთს დაათვალიერებენ.