ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატ კობა გვენეტაძის თქმით, საგარეო ფაქტორებმა ნამდვილად იქონია გავლენა ლარის კურსზე. როგორც გვენეტაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ძალიან ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა შემცირდა, რაც საქართველოს ექსპორტ-იმპორტზე აისახა და სავალუტო შემოდინებები შემცირდა.
"ნამდვილად იყო ასეთი ფაქტორები. მოხდა ძალიან დიდი ფასების ვარდნა ნავთობზე. მოგეხსენებათ, რომ ის შემოსავლები, სავალუტო დინებები, რომელიც ქვეყანაში შემოდის, აუცილებელია იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა იკვებებოდეს და მისი შედარებით სტაბილურობა იქნას შენარჩუნებული. ბევრ ქვეყანაში მოხდა ეკონომიკის შემცირება, რაც აისახა ქართული ექსპორტ-იმპორტის შემცირებაზე. შეუძლებელი იყო, რომ რაიმე ცვლილება არ მომხდარიყო და რამენაირად ეს არ ასახულიყო საქართველოს სავაჭრო და საგადასახო ბალანსზე", - განაცხადა გვენეტაძემ.
მისი თქმით, მაგალითად, ნავთობის ფასის შემცირება, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან უფრო ნაკლები ვალუტის გადახდა გვჭირდება, მაგრამ, მეორეს მხრივ, როდესაც რუსეთში მცირდება ნავთობიდან მიღებული სახსრები, იქ დასაქმებულ ქართულ მოსახლეობას გადმორიცხვების საშუალება არ აქვს.
"ასე რომ, ნამდვილად იყო საგარეო ფაქტორები, რომლებაც როლი ითამაშა და ამის უგულვებელყოფნა არ შეიძლება", - დასძინა კობა გვენეტაძემ.