ეროვნული ვალუტის კურსის დღევანდელ ნიშნულზე დატოვება ძალიან სახიფათოა

ეროვნული ვალუტის კურსის დღევანდელ ნიშნულზე დატოვება ძალიან სახიფათოა

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დღევანდელ ნიშნულზე დატოვება, როდესაც 1 დოლარი 2.50 ლარი ღირს, ძალიან სახიფათოა, - ამის შესახებ ჭირაქაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხვდებიან.

როგორც ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ბევრ სხვა საკითხთან ერთად ლარის კურსი იქნება. "მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვესმის, რომ ეს პირდაპირ არ არის ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ არგუმენტები დავინახოთ", - აღნიშნა ჭირაქაძემ.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ფიქრობს, რომ ლარი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვნად გამყარდება, ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არსებობს კონკრეტული არგუმენტები ნოდარ ხადურის მხრიდან ეროვნული ვალუტის გამყარებასთან დაკავშირებით, თუმცა ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა არ იცის, რა არგუმენტები აქვს ფინანსთა მინისტრს. მისივე თქმით, ბიზნეს-ასოციაცია შეეცდება, რომ ნოდარ ხადურთან კომუნიკაცია ჰქონდეს.

"თუ ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ეს იქნება ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის და ეს გაცილებით მეტ აქტიურობას შეუწყობს ხელს, რომ ეკონომიკა განვითარდეს", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.