კობა გვენეტაძე:  ლარიზაციის გაზრდის პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსურია

კობა გვენეტაძე: ლარიზაციის გაზრდის პროცესი ხანგრძლივი და კომპლექსურია

ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ეროვნული ბანკის საბჭოში უნდა გაგრძლდეს მუშაობა, არის ეკონომიკის დედოლარიზაცია ანუ, ლარიზაციის გაზრდის პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ლარიზაციის გაზრდა ხანგრძლივი, კომპლექსური პროცესია, რაც საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს და იმისთვის რომ ეს განხორციელდეს, შესაბამისი წინაპირობები უნდა იქნა შექმნილი.

"რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? – როგორც მოგეხსენებათ საქართველო არის პატარა, ღია ეკონომიკა, სადაც არის მცოცავი გაცვლითი კურსი. იგი არ არის და არ შეიძლება იყოს დაცული იმ გლობალური ეკონომიკური მოვლენებისაგან, რომელიც მის გარშემო ხდება. აქედან გამომდინარე, მცოცავი კურსი არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება მოხდეს შთანთქმა ამ ნეგატიური შოკების.

როდესაც მოხდება ლარიზაციის ამაღლება და დედოლარიზაციის შემცირება, ნიშნავს, რომ ეს მტკივნეული საკითხები, ეს გადაცემა ქვეყნის ეკონომიკაზე შედარებით უფრო უმტკივნეულოდ გადასატანი იქნება.

მე, სხვათაშორის, გამიგია ამ მოკლე პერიოდში რაც აქ ვარ, რომ ლარიზაციის გაზრდა ძალიან მალე შეიძლება. ვფიქრობ, ეს არ არის ასე. ეს არის ხანგრძლივი, კომპლექსური პროცესი, რაც საკმაოდ ბევრ მიმართულებას მოიცავს და იმისთვის რომ ეს განხორციელდეს, ამის წინაპირობები უნდა იქნა შექმნილი", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.