ზაზა ოქუაშვილი: მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს, ეს არის სამართლიანობის აღდგენა

ზაზა ოქუაშვილი: მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს, ეს არის სამართლიანობის აღდგენა

მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს - ეს არის სამართლის აღგენა, - ასე გამოეხმაურა "ომეგა ჯგუფის" და ტელეკომპანია "იბერიის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილი პროკურატურის მიერ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმის გახსნად.

როგორც ოქუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროკურატურამ 12 წლის შემდგე ძალიან რთული საქმე გამოიძია.

"ყველასთვის ეს არის დადებითი მოვლენა, იმიტომ რომ ეს არის სამართლის აღდგენა და აგრეთვე, დადებითი მოვლენაა, რომ ეს არ არის პირველი საქმე, რაც მე გამიგია და ასე გაგრძელდება. რაც ყველაზე დადებითია, მთავრობა თავის დანაპირებს ასრულებს როგორც სამართლის აღდგენაში, ასევე დარწმუნებული ვარ, ყველა დანარჩენში, როგორც მე ვუყურებ და ყველა ხედავს. მივესალმები ამ ფაქტს. იმედია, რომ ბევრ სხვა დაჩაგრულს და არასამართლიან მდგომარეობაში აღმოჩენილ ადამიანს მოუწევს ასეთი დღე და სამართლის აღდგენა", - განაცხადა ოქუაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი ოქრუაშვილსაც, რომლის დროსაც მოხდა "იბერიაში" შესვლა, ოქუაშვილი აცხადებს, რომ "არ იცის" და პროკურატურის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.

"ოქრუაშვილის დროს დაიწყო შემოსვლა, მაგრამ ჩვენ ერთი წელიწადი ვიყავით ამ პროცესში. ერთი წელიწადი იდგა ჯარი "იბერიაში". ოქრუაშვილი მხოლოდ ამ პროცესის დასაწყისში იყო და შემდეგ ადეიშვილი მოვიდა", - განაცხადა ოქუაშვილმა.

პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნილად გამოაცხადა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.