ზურაბ ადეიშვილის ადვოკატს გიორგი ჩივიაშვილს და ყოფილი გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის საქმეზე მთავარ პროკურატურაში ბრალდების დადგენილება გააცნეს. ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა კითხვაზე - ეთანხმება თუ არა ბრალდებას, ლაცაბიძემ განაცხადა – "არა".
გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება დაემსგავსა მასკარადს.
"აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია "იბერიის" და "ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ 2004 წლის იანვარში, რა პერიოდშიც ზურაბ ადეიშვილი მთავარ პროკურატურაში არ მუშაობდა. თუ არ მუშაობდა ამ პერიოდში, როგორ განახორციელებდა ის სისხლის სამართლის საქმეზე მოქმედებებს, მითითებების გაცემას და ა.შ.", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.