სოსო ჯაჭვლიანის მიერ კანონპროექტის გამოთხოვა

სოსო ჯაჭვლიანის მიერ კანონპროექტის გამოთხოვა "გუნდის გადაწყვეტილებას" ეფუძნებოდა

ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის გია ვოლსკის განცხადებით, სოსო ჯაჭვლიანის მიერ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის გამოთხოვა "გუნდის გადაწყვეტილებას" ეფუძნებოდა.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაპირველად ისიც მხარს უჭერდა კანონპროექტს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ", თუმცა გუნდში დიდხანს იმსჯელეს იურისტებთან ერთად და ჩათვალეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი რთულ მდგომარეობას შექმნიდა განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც აგრესიულობით თავის გამოჩენის გაცილებით მაღალი შესაძლებლობაა.

მისივე თქმით, ასევე გართულდებოდა დადგენა, თუ სად გადის ზღვარი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის.

"თავიდან მე თვითონაც ვფიქრობდი, რომ ეროვნული უსაფრთხოებისთვის არ იქნება ურიგო, რომ ასეთი რეგულაციები შემოვიღოთ იმ მაგალითების ფონზე, რომელიც არაერთხელ გვქონდა. მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საქართველო თავის ტრადიციას, ტოლერანტობას, თემებსა და რელიგიურ ჯგუფებს შორის დამკვიდრებულ ურთიერთობებს უფრო უნდა დაეყრდნოს, ვიდრე კანონს. ეს არ იყო ერთ წუთში მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ამ კანონის შემოტანის აუცილებლობას ვერ ხედავს გუნდი და არა პირადად ვთქვათ, სოსო ჯაჭვლიანი ან სხვა ვინმე ჩვენგანი", - განმარტა ვოლსკიმ.

იგი არ გამორიცხავს, "სამომავლოდ რაღაც უკეთესი გამოდნეს კანონპროექტში ჩამოყალიბებული პრინციპებიდან", მაგრამ მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი კანონის მიღება დამაზიანებელი იქნება არამარტო სამოქალაქო საზოგადებისთვის, არამედ რელიგიური კონფესიებისთვისაც.

დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი პარლამენტიდან გაითხოვა.