27 თებერვალს ვეტერანები ყრილობას გამართავენ

27 თებერვალს ვეტერანები ყრილობას გამართავენ

27 თებერვალს ვეტერანები ჭადრაკის სასახლეში ყრილობას გამართავენ. "ვეტერანებს მიუჩინეთ პატრონი, შეგვიყვანეთ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში", "ხელები შორს ვეტერანთა ჰოსპიტალისაგან", "შეგვინარჩუნეთ შენობა", "ნუ შემოიჭერთ ქამრებს ვეტერანების ხარჯზე", - ამ და სხვა ლოზუნგებით ვერის პარკში, ჭადრაკის სასახლესთან ომის მონაწილე და ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებს მიმართა ვეტერანთა საგაფიცვო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ მაჭავარიანმა, რომელმაც ვეტერანთა ჰოსპიტალის დახურვის შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, ვეტერანთა შესახებ კანონი, რომელიც 1995 წელს არის მიღებული, დღევანდელ მოთხოვნებს ვერ პასუხობს და სხვა კანონებთან მიმართებაში წინააღმდეგობაში მოდის.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ვახტანგ მაჭავარიანმა განაცხადა, ბოლო ორი თვეა ისინი პერმანენტულად ატარებენ აქციებს.

"იამანიძის ქუჩაზე არსებულ ვეტერანთა ჰოსპიტალის დახურვა ხდება. თვენახევარია ჰოსპიტალს დაფინანსება შეუწყდა, სამედიცინო პერსონალი ენთუზიაზმის ხარჯზე განაგრძობს მუშაობას. ხელისუფლება აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და ჰოსპიტალის დაფინანსებას აღარ გააგრძელებს. დღეისთვის საუბარია, რომ "ლანცეტში" გადაიყვანენ რამდენიმე სამედიცინო პერსონალს, ეს კი ნიშნავს, რომ ვეტერანთა სპეციალიზირებული კლინიკა დაიხურება", - განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი აქციით ისინი აპროტესტებენ ასევე იმ პრობლემებს, რომელშიც ვეტერანები იმყოფებიან.

"ვითხოვთ სახელმწიფომ შეიმუშავოს პოლიტიკა ვეტერანების მიმართ და არსებობდეს ვეტერანებისათვის შეღავათები. ვეტერანთა შესახებ კანონი, რომელიც 1995 წელს არის მიღებული, განახლებას საჭიროებს. იგი წინააღმდეგობაში მოდის სხვა კანონებთან და დღევანდელ რეალობას ვერ პასუხობს", - განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი, 27 თებერვალს ჭადრაკის სასახლეში ყრილობას გამართავენ, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიიწვევენ და ვეტერანთა პრობლემების შესახებ განცხადებებს გააკეთებენ. მაჭავარიანი აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს მათ მოთხოვნებს, ისინი შემდგომ უფრო მასშტაბურ აქციებს გამართავენ.