საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებით, არმაზ ახვლედიანი არცთუ კარგი პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ აპირებს არმაზ ახვლედიანის განცხადებას "ბებერ ნიანგებზე" ადეკვატური პასუხი გასცეს, თუმცა მიიჩნევს, რომ ახვლედიანს არასწორი შეფასებები აქვს.
"გუშინ ცოტა უხეში პასუხი გავეცი და მერე ვინანე, იმიტომ რომ არ ვიცოდი, რომ მოხუცი ნიანგები თქვა. როდესაც ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს (არ მეგონა თუ ჰქონდა), არ შეიძლება მასზე ესოდენ დიდად გაღიზიანდე. მითუმეტეს, სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელია, სტუდენტები ჰყავს და ჩვენ ვალდებული ვართ, მოვუფრთხილდეთ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას მისდამი. მე თავს უფლებას არ მივცემ, რომ "მოხუც ნიანგებზე" ადეკვატური პასუხი გავცე. ისე ვფიქრობ, რომ მართალი არ არის ჩვენთან არც თავის შეფასებებში და არც მოქმედებებში, რის გამოც ჩვენ ვთხოვეთ, რომ შეეჩერებინა თავის უფლებამოსილება, როგორც პოლიტსაბჭოს წევრს. ემოციას რომ თავი დავანებოთ და მის ავტორიტეტს სტუდენტების თვალში, საქმეს რაც შეეხება, ვფიქრობ, არცთუ კარგი აღმასრულებელი მდივანი იყო და პოლიტსაბჭოს წევრობის დროსაც ცოტა მეტი აიღო თავის თავზე, როდესაც მაგიდაზე მუშტის ბრახუნი დაიწყო და ახლა აქეთ გვაბრალებს, რომ ჩვენი მეთოდები მკაცრია", - განაცხადა ვოლსკიმ.
არმაზ ახვლედიანმა გუშინ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნება" ბებერი პოლიტიკური ნიანგებისგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაათავისუფლოს.