2004 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ

2004 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ "ომეგა ჯგუფის" საქმიანობის პარალიზება მოახდინა

მოვლენების მთავარი კომპონენტი იყო ტელეკომპანია "იბერია", რომლის ლიცენზიაც იყო ყოფილი ხელისუფლების სამიზნე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ომეგა ჯგუფის" იურისტმა ხათუნა ფურელიანმა პროკურატურაში განუცხადა.

როგორც ხათუნა ფურელიანმა აღნიშნა, 2004 წელს ყოფილმა ხელისუფლებამ "ომეგა ჯგუფის" საქმიანობის პარალიზება მოახდინა, რის შემდეგაც კომპანია იძულებული გახდა მაუწყებლობის ლიცენზია დაეთმო, რომელიც შემდეგ რამდენიმე პირზე ფიქტიურად გაიყიდა.

ხათუნა ფურელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე "ომეგა ჯგუფი" გამოძიების მიმდინარეობით კმაყოფილია და პროკურატურასთან აქტიურად თანამშრომლობს.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება. ეს ქმედება განხორციელდა მთლიანად "ომეგა ჯგუფის" მიმართ. ამ მოვლენების მთავარი კომპონენტი იყო ტელეკომპანია "იბერია", რომლის ლიცენზიაც იყო ძირითადი სამიზნე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. მხოლოდ ტელეკომპანია "იბერიის" ლიცენზიის დათმობის შემდეგ გახდა შესაძლებელი "ომეგა ჯგუფის" საქმიანობის გაგრძელება. დღეს ჩვენ პროკურატურის მხრიდან ჩაგვბარდა დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, ასევე გადმოგვეცა ჩვენი უფლებების შესახებ ოქმი,"- განაცხადა ხათუნა ფურელიანმა.