ვიქტორ დოლიძე წინასაარჩევნოდ

ვიქტორ დოლიძე წინასაარჩევნოდ "თამაშის წესებზე" შეთანხმების პოლიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე უახლოეს პერიოდში წინასაარჩევნოდ "თამაშის წესებზე" შეთანხმების პოლიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენს.

როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან უკვე მოამზადა დოკუმენტი, რომელიც არის ერთგვარი ეთიკის კოდექსი და საფუძვლად უდევს ის, რომ პოლიტიკური პარტიები ორიენტირებულნი იყვნენ საკუთარ პროგრამებზე. აღმოიფხვრას ზიზღის ენა, შეურაცხყოფის მიყენება და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

დოლიძის თქმით, ის ხვალ მიემგზავრება ბრიუსელში, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და ასევე ამ საკითხზე გაივლის კონსულტაციებს ევროპარლამენტის დეპუტეტბთან, ხოლო დაბრუნების შემდეგ უკვე პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას მზა დოკუმენტს წარუდგენს.

"საქართველოს პრეზიდენტი უკვე მიესალმა ამ ინიციატივას პოლიტიკური შეთანხმების თაობაზე. მექნება კონსულტაციები ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან და როგორც კი დავბრუნდები ბრიუსელიდან დოკუმენტს წარვუდგენ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებას, რომ იცოდნენ რეალურად რაზე არის საუბარი. ჩვენ მზად ვართ ამ დოკუმენტის განხილვა რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ და შევთანხმდეთ ე.წ. თამაშის წესებზე, რათა გავაუმჯობესოთ პოლიტიკური კონიუნქტურა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, ამგვარი დოკუმენტი საქართველოში შემუშავებული ჯერ არ ყოფილა. ამასთან, დეპუტატი იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ შეთანხმებას არაერთი პოლიტიკური ძალა დაუჭერს მხარს.