პროკურატურამ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ვრცელ განცხადებასაც ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია "იბერიის" დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე, დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.
ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 2004 წლის იანვრის თვეში, საქართველოს ახლადარჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს ხელში ჩაეგდოთ "ომეგა ჯგუფის" კუთვნილი ტელეკომპანია "იბერიას ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი. ამ მიზნით, შემუშავებულ იქნა დანაშაულებრივი გეგმა, რომლის განხორციელებაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ლაცაბიძემ ითავეს.
გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახო რევიზია ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის კუთვნილი "ომეგა ჯგუფი"-ს მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა ტელემაუწყებლობას ,,იბერია ტვ"-ს სახით, საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას.
ამასთან, ,,ომეგა ჯგუფი"-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია "იბერიაშიც" განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გამოყარეს, რამაც შედეგად გამოიწვია ტელეკომპანია "იბერიის" და გაზეთ ,,ახალი ეპოქის" საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.
აღნიშნულის შემდგომ, 2004 წლის შემოდგომაზე, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა ,,ომეგა ჯგუფის" წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, რომელსაც "ომეგა ჯგუფის" კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ "იბერია ტვ"-ს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა.
ვინაიდან ხსენებული პირობის შესრულება "ომეგა ჯგუფის" ბიზნესის გადარჩენის და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო, კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე და მოგვიანებით ამის შესახებ გიორგი ლაცაბიძეს აცნობეს.
ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი და აცნობა, რომ ტელეკომპანია "იბერია ტვ" ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შეწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დიმიტრი ქიტოშვილს უნდა უზრუნველყო წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ.
პროკურატურის მიერ შემუშავებული ლიცენზიის დათმობის დანაშაულებრივი გეგმის თანამხად, 2004 წლის 07 დეკემბერს, ლევან აღდგომელაშვილი და "იბერია ტვ"-ს დამფუძნებლები დაიბარეს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნუნუ გინტურთან, სადაც ხელი მოაწერეს დიმიტრი ქიტოშვილის მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმადაც შპს "იბერია ტვ" გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს "ტელეკომპანია აისი" ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს "იბერია TV"-ი, რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება. აღნიშნულის შედეგად, "ტელეკომპანია აისის" დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დიმიტრი ქიტოშვილის მეგობარი დავით კაკაურიძე, ხოლო შემდეგ ბიძინა ნიჟარაძე.
2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დიმიტრი ქიტოშვილმა ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბიძინა ნიჟარაძისგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე იოსებ მგელაძეზე გადააფორმა, რომელმაც თავის მხრივ 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპ"-ს გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გიორგი არველაძის ხელში აღმოჩნდა.
მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ომეგა ჯგუფის" მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდა "ომეგა ჯგუფის" გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვეს "ომეგა ჯგუფის" ტერიტორია.
ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა.
საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს გიორგი ლაცაბიძეს ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით.
ამასთან, საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ,,ომეგა ჯგუფის" კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.