გადასახადის გაზრდის გამო, აბანოთუბანში, შესაძლოა, აბანოები დაიხუროს

გადასახადის გაზრდის გამო, აბანოთუბანში, შესაძლოა, აბანოები დაიხუროს

აბანოების ხელმძღვანელებმა „პირველ პრესკლუბში“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გაძვირებულ ტარიფზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს იმ გადასახადზე, რომლის გადახდაც ტარიფის გაძვირების შემდეგ მოუწევთ.

„თვეში, 9600 ლარის გადახდა გვიწევს. ეს არის მარტო საკანალიზაციო მომსახურეობა. ამას ემატება კიდევ ცივი წყლის ტარიფი და დაახლოებით, 11 ათასი ლარი გამოგვდის გადასახადი ერთ აბანოს. ჭრელი აბანო, რომელიც დაკეტილია, დაახლოებით, 13 ათას 500 ლარის გადახდა მოუწევს“, - განაცხადა გიორგი კალანდაძემ.

როგორც, აბანოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათ ტარიფი მას შემდეგ გაეზარდათ, რაც  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ ახალი ხელმძღვანელობა მივიდა.

„ბიზნესის სპეციფიურობიდან გამომდინარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტარიფს არ გვიწესებდა და სიტყვიერი შეთანხმების შედეგად  ფიქსირებულ  გონივრულ გადასახადს ვიხდიდით. მას შემდეგ, რაც ამ კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა, 2015 წლის თებერვლიდან, აბანოებს გადასახადი არაგონივრულად გაგვეზარდა“, -განაცხადეს აბანოების წარმომადგენლებმა.

აბანოების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ისინი იძულებულები გახდებიან,  დაწესებულებას პროფილი შევუცვალონ, რაც თავის მხრივ, დასაქმებული ადამიანების უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს და ქალაქი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ  ობიექტს დაკარგავს.