მაკა ასათიანის ადვოკატი კონკურენციის სააგენტოში შესატანად განცხადებას ამზადებს. ადვოკატი გიორგი გვენეტაძე იმედოვნებს, რომ სააგენტო დააზუსტებს, არის თუ არა ტელეკომპანია "იმედის" მენეჯერი ირაკლი რუხაძე და შეიძინა თუ არა მან "მაესტროში" 3-%-იანი წილი.
"ვამზადებთ განცხადებას, რომელსაც დაერთვება ყველა მტკიცებულება. დაველოდებით რეაქციას. იმედი გვაქვს, რომ ისინი შეისწავლიან ამ განცხადებას და მოახდენენ რეაგირებას. ამ სააგენტომ უნდა დაიწყოს თავისი ფუნქციების შესრულება. იმედი მაქვს, თავიდან არ აირიდებს თავისივე ფუნქციას. თუ ასე მოხდება, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც მოჰყვება ჩვენი მხრიდან", - განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
გია გაჩეჩილაძის ადვოკატის თქმით კი, კონკურენციის სააგენტოს ფუნქცია არ არის იმის დაზუსტება, რასაც მაკა ასათიანის ადვოკატი ითხოვს.
"ასეთ საკითხებს არეგულირებს კომუნიკაციების კომისია და არა კონკურენციის სააგენტო. თუ მიმართვაა, მას უნდა მიმართონ, თუმცა არანაირი დარღვევა ამ გარიგებაში არ არის. "იმედს" არ უყიდია "მაესტრო". კონკურენციის სააგენტომ თავის ნორმატიულ აქტში ჩაწერა, რომ კონცენტრაციის, გაერთიანებების ანუ გამსხვილებების რეგულირება არ ვრცელდება მაუწყებლებზე", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
"ინტერპრესნიუსი" კონკურენციის სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მსგავსი საკითხების დაზუსტება სააგენტოს კომპეცენციაში არ შედის.
"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "რ" ქვეპუნქტის შესაბამისად, ეკონომიკის რეგულირებადი სფერო არის "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ", "მაუწყებლობის შესახებ" (და სხვ.) საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები. კანონის მე-11 პრიმა მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია ეკონომიკური აგენტების მიერ კონცენტრაციის თაობაზე, სააგენტოსთვის შეტყობინების ვალდებულების წარმოშობის კრიტერიუმები, სადაც ცალსახად არის მითითება იმის თაობაზე, რომ კონცენტრაციის შეტყობინების ვალდებულება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკურ აგენტებს არ გააჩნიათ", - განმარტავენ სააგენტოში.