გაერო-მ სირიაში სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვას საერთაშორისო სამართალის უხეში დარღვევა უწოდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ კონფლიქტში ჩართული მხარეების ასეთი ქმედებები სირიაში ჯანდაცვის სისტემის განადგურებას იწვევს და ბავშვებს სწავლის უფლებას ართმევს.
გაერო-ს მონაცემებით, სირიის ჩრდილოეთში დაიბომბა 5 სამედიცინო დაწესებულება და ორი სკოლა. შედეგად დაიღუპა 50-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც.
ორგანიზაციაში "ექიმები საზღვრების გარეშე" განაცხადეს, რომ დაბომბვა სირიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განახორციელეს, თუმცა არ გამორიცხეს, რომ ავიადარტყმები რუსულმა თვითმფრინავებმა მიიტანეს.
ავიდარტყმები აშშ-მაც დაგმო. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ახალი ავიადარტყმები ეჭვქვეშ აყენებს რუსეთის სურვილს, სირიაში სისხლისღვრა დაასრულოს.