კახა კოჟორიძე – სამწუხაროდ, პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადებების უკან დგას პოლიტიკური მოტივები

კახა კოჟორიძე – სამწუხაროდ, პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადებების უკან დგას პოლიტიკური მოტივები

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე გიორგი მარგველაშვილის მისამართით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას "არასწორს" უწოდებს. 
როგორც კოჟორიძე აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტს ორმაგი სტანდარტით მოქმედება არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ახასიათებს.
"არასწორი იყო ქალბატონი ეკას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს პოლიტპატიმრების ამნისტიის და პატიმართა შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ან ზოგადად რამე საკითხთან დაკავშირებით აქვს ორმაგი სტანდარტი. ეს ჩემთვის გასაკვირია, თუმცა ძალიან გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ, სამწუხაროდ, ხშირად მსგავსი ტიპის განცხადებების უკან დგას ხოლმე გარკვეული პოლიტიკური მოტივები", - განაცხადა კოჟორიძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში დაადანაშაულა. შესაბამისი განცხადება ბესელიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები 2012 წლის 28 დეკემბერს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდნენ.

კერძოდ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კარგია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრება დეპუტატებისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირების შეხვედრას, თუმცა ორმაგი სტანდარტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს იმ პირის დასაცავ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ხალხის გათავისუფლებისთვის პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ.

"როდესაც პრეზიდენტის მიერ, ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, როგორიც არის შეწყალების კომისია, ინიშნება ადამიანი, რომელსაც ამხელა ნდობა აქვს და შემდეგ ის თავს უფლებას აძლევს და პოლიტპატიმრების მიმართ აკეთებს ასეთ განცხადებებს, თითქოს ამ ხალხის გათავისუფლებისთვის პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ, და ვამბობთ, რომ ეს ადამიანი პატიოსანი კაცია და ტყუილს არ იტყვის, აქ არის ორმაგი სტანდარტის პრობლემა", - განაცხადა ეკა ბესელიამ, რომელმაც დააკონკრეტა, რომ საქართველოს პრეზიდენტს გულისხმობდა.