პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს.
შესაბამისი განცხადება ბესელიამ გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები 2012 წლის 28 დეკემბერს "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით გათავისუფლებულ პირებს შეხვდნენ. კერძოდ, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კარგია, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრება დეპუტატებისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირების შეხვედრას, თუმცა ორმაგი სტანდარტია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი აკეთებს იმ პირის დასაცავ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ხალხის გათავისუფლებისთვის პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ.
"როდესაც პრეზიდენტის მიერ, ასეთ მნიშვნელოვან პოზიციაზე, როგორიც არის შეწყალების კომისია, ინიშნება ადამიანი, რომელსაც ამხელა ნდობა აქვს და შემდეგ ის თავს უფლებას აძლევს და პოლიტპატიმრების მიმართ აკეთებს ასეთ განცხადებებს, თითქოს ამ ხალხის გათავისუფლებისთვის პოლიტიკოსები ფულს აკეთებდნენ, და ვამბობთ, რომ ეს ადამიანი პატიოსანი კაცია და ტყუილს არ იტყვის, აქ არის ორმაგი სტანდარტის პრობლემა", - განაცხადა ეკა ბესელიამ და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტს გულისხმობს.