თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთსა და

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთსა და "ისლამურ სახელმწიფოს" კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი

თურქეთის პრემიერმინისტრმა რუსეთსა და "ისლამურ სახელმწიფს" სირიაში კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ აჰმეთ დავუთოღლუმ უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა.

"როდესაც კიევში უკრაინის პრემიერმინისტრთან შეხვედრას ვმართავდით, რუსეთის რაკეტებმა, რომლებიც კასპიის ზღვიდან იყო გაშვებული, საავადმყოფო და სკოლა დაანგრია, რამაც მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა", - აღნიშნა დავუთოღლუმ.

მისი თქმით, რუსეთის ქმედებები, ისევე, როგორც "ისლამური სახელმწიფოსი", უნდა გახდეს საერთაშორისო კანონმდებლობის განხილვის საგანი. მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, უფრო მეტად აღუდგნენ წინ რუსეთის მოქმედებებს სირიაში.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, პროვინცია იდლიბში სარაკეტო დარტყმა განხორციელდა საავადმყოფოზე, რომელიც ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე"-ს მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ორგანიზაციის ცნობით, 8 თანამშრომლის ბედი უცნობია.

ასევე დაიბომბა ქალაქ ააზაზის საავადმყოფო, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა.

რუსული მხრიდან კომენტარი მომხდარზე ჯერ არ გაკეთებულა.