ფრაქცია ,,ქართული ოცნების

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ანსამბლ ,,ენგურს" გრან-პრის მოპოვებას ულოცავს

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ანსამბლ ,,ენგურს" გრან-პრის მოპოვებას ულოცავს.  როგორც გიორგი ვოლსკიმ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ანსამბლ ,,ენგურის" წევრთა უმრავლესობას საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეები შეადგენენ და მათ სწორედ ქართულ ცეკვებში წარმოაჩინეს კულტურული ინტეგრაციის საუკეთესო შედეგი.

,,ფრაქცია ,,ქართული ოცნების" სახელით გულითადად ვულოცავ ჩვენს სასახელო მოზარდებს ლორეტ დე მარის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გრან-პრის მოპოვებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ანსამბლ ,,ენგურის" წევრთა უმრავლესობას ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები შეადგენენ, რომლებმაც ქართველ მოზარდებთან ერთად, ქართული ცეკვების უზადო შესრულებითა და დიდი ემოციით შეძლეს მეტად ავტორიტეტული ჟიურის სიმპათიის დამსახურება. კულტურა და ხელოვნება ეროვნებათაშორის ურთიერთობებში ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენმა აზერბაიჯანელმა მოზარდებმა სწორედ ქართულ ცეკვებში წარმოაჩინეს კულტურული ინტეგრაციის შედეგი თავისი საუკეთესო გამოვლინებით", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,ენგური", ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარის ხელოვნების საერთაშორისო ფესივალში "Folk Festival in Catalonia" მონაწილეობდა.

ანსამბლ "ენგურს" ჟიურის გადაწყვეტილებით ფესტივალის გრან-პრი მიენიჭა. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ესწრებოდა ქალაქ ტორდერას მერი ჟოან კარლეს გარსია კანისარე და მონაწილე ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ანსამბლი ესპანეთში ქალაქ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალთა თანადგომის" ერთობლივი ორგანიზებით გაემგზავრა.