დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო კომისია ვერ წარადგენს ერთიან კანონპროექტს, მაგრამ წარადგენს ძალიან სერიოზულ ნამუშევარს

დავით უსუფაშვილი - საკონსტიტუციო კომისია ვერ წარადგენს ერთიან კანონპროექტს, მაგრამ წარადგენს ძალიან სერიოზულ ნამუშევარს

საკონსტიტუციო კომისია მუშაობას დაასრულებს თებერვალში და იგი პარლამენტს ვერ წარუდგენს ერთიან კანონპროექტს, მაგრამ წარუდგენს ძალიან სერიოზულ ნამუშევარს პრაქტიკულად ყველა საკითხზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

უსუფაშვილი არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა თებერვლის ბოლოს ეწურება, მუშაობა უნდა გააგრძელოს. მისი შეფასებით, კომისიის საქმიანობა დადებითი იყო, თუმცა არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერა, ვინაიდან არ იყო პოლიტიკური კონსენსუსი წამყვან ძალებს შორის.

"მე არ მგონია, რომ კომისიის მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კომისიამ გააკეთა ის, რაც შეეძლო. კომისიის მუშაობას გადამწყვეტი დაღი დაასვა იმ ფაქტმა, რომ ნებისმიერ ცვლილებას საქართველოს პარლამენტში სჭირდება ¾ უმრავლესობა, ანუ 114 ხმა. იმ პირობებში, როდესაც მმართველმა კოალიციამ და ოპოზიციურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერაფერზე მოვახერხეთ შეთანხმება, კონსტიტუციურ საკითხებზე ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ცხადია, კომისიას ძალიან დაბალი მოტივაცია ჰქონდა, ვინაიდან იყო ძალიან დაბალი მოლოდინი იმისა, რომ რაც არ უნდა შემუშავებულიყო კომისიის დონეზე, ეს გავიდოდა პარლამენტში და იქცეოდა გადაწყვეტილებად", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ექსპერტებს, რომელთაც, მისი თქმით, ძალიან დიდი მუშაობა გასწიეს, ასევე, მოწვეულ კონსულტანტებს. დავით უსუფაშვილის თქმით, შედეგად ძალიან სერიოზული შრომა დაიდო, სადაც წარმოდგენილია 90-მდე კონკრეტული წინადადება ფორმულირების დონეზე.

"ინტელექტუალური პროდუქტი დაიდება, მაგრამ რაც აკლია ამ დოკუმენტს, ეს არის ერთიანობა და თვითონ საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას სჭირდება კვორუმი, რომელიც რაღაც მიზეზების გამო არ არის", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება, როგორც ოქმები, ისე ფინანსური დოკუმენტაცია.
დავით უსუფაშვილის თქმით, კომისიის სამქიანობაზე "არც ერთი დამატებითი ლარი არ დახარჯულა".