ნინო გვენეტაძე - მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას ხელი არ შეეშლება

ნინო გვენეტაძე - მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას ხელი არ შეეშლება

თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მოწმეთა დაკითხვის მიზნით სივრცე პეკინის ქუჩაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში განთავსდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებას ხელი არ შეეშლება.

"ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ორგანიზაციულ-ტექნიკური და საკადრო საკითხები, რომლებიც უკავშირდება მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედებას. წინა კვირას ჩვენ გვქონდა კონკურსი და 22 მოსამართლე გავამწესეთ საერთო სასამართლოების სისტემაში იმ მიზნით, რომ მოწმეთა დაკითხვის წესის ამოქმედების წესს არ შეეშალოს ხელი. მოსამართლეთა რესურსი ფაქტობრივად არსებობს სასამართლოებში. დღეს ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში კოლეგიის შექმნის შესახებ, რომელიც მიზანმიმართულად მოწმეთა დაკითხვის საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს. რამდენიმე ორგანიზაციულ-ტექნიკური გადანაცვლება გაკეთდა. საქალაქო სასამართლოსთვის მოწმეთა დაკითხვისთვის სივრცე განთავსდება პეკინის ქუჩაზე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში. ამ კანონის ამოქმედებას ხელი არ შეეშლება", - განაცხადა გვენეტაძემ.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 20 თებერვალს უნდა ამოქმედდეს.