არმაზ ახვლედიანი არ არის ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია და საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მართვა, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, ყოფილი აღმასრულებელი მდივნის არმაზ ახვლედიანის განცხადებას, რომ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პირები არიან, რაც პარტიის განვითარებას აფერხებს.
როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ხმამაღალი განცხადებები იყო მიზეზი, რის გამოც ახვლედიანს კოალიციის პოლიტსაბჭოს მდივნის უფლებამოსილების შეჩერება მოსთხოვეს.
ახლა უფრო ნათელი ხდება, რომ სწორედ ამ საბჭოთა მართვის მეთოდებისა და ზედმეტი შენიშვნების, ხმამაღალი განცხადებების გამო ვთხოვეთ მას, შეეჩერებინა თავისი წევრობა პოლიტსაბჭოში და განცდები, მართალი გითხრათ, გვქონდა, მაგრამ ახლა ვრწმუნდები, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ეს ადამიანი არ არის მგონი ადეკვატური იმ ვითარებისა, რაც შექმნილია, ვერც ერკვევა სიტუაციაში. მე არ ვფიქრობ, რომ მას პირადი შეურაცხყოფა უნდა მივაყენო, მაგრამ ის, რომ საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს, შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, არმაზ ახვლედიანი საერთოდ ვერ ერკვევა, რას ნიშნავს მართვა და ფიქრობს, რომ მუშტის დაკვრით უნდა გადაწყვიტოს საკითხები, რაც, ვოლსკის შეფასებით, არ შეესაბამება პლურალიზმსა და დემოკრატიულობაზე დამყარებულ სულისკვეთებას, რომელიც პოლიტსაბჭოშია.
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ არმაზ ახვლედიანის განცხადებებზე მომავალში კომენტარებს აღარ გააკეთებს.
პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი არმაზ ახვლედიანი პარტიის მუშაობას აკრიტიკებს და მომავალ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილს "ბებერი პოლიტიკური ნიანგების" სწრაფად ჩამოშორებას უსურვებს. შესაბამისი განცხადება ახვლედიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოში რჩება და საუკეთესო პერიოდად იმ დროს მიიჩნევს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე იყო.