საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პარლამენტს ლევან მურუსიძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, როდესაც ხდება მოსამართლის სხვა სასამართლოში დანიშვნა, ძველ სასამართლოში იმავე წესით უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რა წესითაც დაინიშნა. მისივე თქმით, ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა პარლამენტმა და შესაბამისად, ვინაიდან ის გახდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, პარლამენტმა უნდა შეუწყვიტოს მას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა.
"ეს არის წმინდა პროცედურული საკითხი, როდესაც მოსამართლე ერთი სასამართლოდან მისი უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე ინიშნება მეორე სასამართლოში კონკურსის წესით, მას იმ წესით უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება ძველ სასამართლოში რა წესითაც ის იყო განწესებული. ბატონი მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ განამწესა პარლამენტმა, ამიტომ პროცედურების აბსოლუტური დაცვით საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ მიმართა პარლამენტს მურუსიძის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე უზენაეს სასამართლოში, რადგან ის დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ", - განაცხადა გვენეტაძემ.