საარჩევნო სისტემის შეცვლა პოლიტიკური საკითხია, რომელზეც ვენეციის კომისია და ODIHR შეფასებებს არ გააკეთებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"არც ვენეციის კომისია და არც ODIHR-ი არ გააკეთებს შეფასებებს პოლიტიკურ საკითხებზე. სისტემის შეცვლა არის პოლიტიკური თემა, ხოლო რა დასკვნასაც დადებს ვენეციის კომისია საარჩევნო რეფორმასთან, კონკრეტულად ოლქების გადანაწილებასთან დაკავშირებით, 50%-იან საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, 12-13 მარტს, სტრასბურგში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე გაირკვევა. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად ავუხსენით მათ, რაში მდგომარეობს ჩვენი საარჩევნო რეფორმის არსი, რომ ორეტაპიანი რეფორმის პირობებზე ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში შევცვალეთ საარჩევნო ოლქები, რაც არ მომხდარა არასოდეს საქართველოში. ამავე დროს, საუბარი გვქონდა იმაზე, 2016 წლის არჩევნების შემდეგ თუ რა გეგმები შევთავაზეთ ოპოზიციას", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, სჯობდა, რომ ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილიყო ჯერ სამუშაო ვარიანტი და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ მიეცათ საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებისთვის კანონის სახე, თუმცა ასეთ შემთხვევაში დროის პრობლემა შეიქმნებოდა.
"მერე იგივე ვენეციის კომისიას და ოპოზიციას შეეძლო შენიშვნები მოეცა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ თამაშის წესები გავარკვიეთ ძალიან გვიან. ამიტომ უკვე მიღებულ კანონთან დაკავშირებით გვექნება ვენეციის კომისიის დასკვნა, ხოლო ყველა პოლიტიკური ძალისთვის თამაშის წესები ცნობილია ერთი წლით ადრე", - განაცხადა ძიძიგურმა.