მარტის ბოლოს ვაშინგტონში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, სამიტში მონაწილეობის მიზნით, პრეზიდენტის გამგზავრებაზე გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.
"ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს პრეზიდენტის სახით და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი გაემგზავრება ამ სამიტზე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძე.
გარდა სამიტში მონაწილეობისა, მისი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
"ამჟამად მიმდინარეობს პროგრამაზე, ორმხრივი შეხვედრების დაგეგმასა და დელეგაციის შემადგენლობაზე მუშაობა, რის შესახებასაც საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება", - აღნიშნა ფხალაძემ.
აშშ-ში ბირთვული უსაფრთხოების სამიტი 31 მარტს არის დაგეგმილი. მასზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რამდენიმე თვის წინ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიწვია.