რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის ტერიტორიაზე ყველა სახის უკრაინული ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვა არ გამორიცხა. რუსული მედიის ცნობით, მედვედევმა ამის შესახებ განცხადება უკრაინის მიერ საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სატვირთო ავტომობილების გადაადგილების შეჩერების შემდეგ გააკეთა.
რუსეთის პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კიევი აღნიშნულ აკრძალვას მალე გააუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიევში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე 152 უკრაინული სატვირთო მანქანა გააჩერა.
როგორც უკაინის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა დაარღვია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები და პროცედურები და უკრაინული სატვირთო მანქანების ტრანზიტი შეაჩერა.
"მანამ ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით რუსული მხარისგან განმარტებას არ მოვისმენთ, უკრაინა შეწყვეტს რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო მანქანების საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილებას", - წერია უკრაინის მთავრობის განცხადებაში.