ლევან და გია გაჩეჩილაძეები მაკა ასათიანის ადვოკატის შეთავაზებას პოპულისტურ განცხადებად აფასებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაჩეჩილაძეების ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განუცხადა, ასათიანის ადვოკატის შეთავაზებაა, რომ "მაესტროს" რეაბილიტაციის გეგმა წარადგინოს სასამართლოში, რეაბილიტაციის გეგმის ნაწილი კი, სწორედ გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნაა.
"თუ გულწრფელები არიან და არ სურთ ტელეკომპანიის გაკოტრება, ხელი არ უნდა შეუშალონ "მაესტროში" ახალი მენეჯმენტის შესვლას. როდესაც რეაბილიტაციის გეგმაზე საუბრობენ, სწორედ ამ გეგმის ნაწილია, ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნა, რათა მან მოაგვაროს ტელეკომპანიის ის პრობლემები, რაც არაეფექტურმა მენეჯმენტმა შექმნა და "მაესტრო" გაკოტრებამდე მიიყვანა", - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
მაკა ასათიანი ძმებ გაჩეჩილაძეებს კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლას სთავაზობს და ტელეკომპანიის რეაბილიტაციის გეგმის წარმოდგენისკენ მოუწოდებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, თუკი იქნება დამაკმაყოფილებელი რეაბილიტაციის გეგმა წარმოდგენილი, ასათიანი მხარს დაუჭერს რეაბილიტაციას და უარს იტყვის ტელეკომპანიის გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე.
გვენეტაძის განცხადებით, გაჩეჩილაძეები თუკი სიმბოლურად ერთი ლარის ჩარიცხვით კრედიტორად დაფიქსირდებიან, მონაწილეობას მიიღებენ გადახდისუუნარობის საქმეში, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს.
ადვოკატის თქმით, მაკა ასათიანს სურს, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში არასამთავრობოები და ექსპერტები ჩაერთონ.