"თავისუფალი დემოკრატების" შეფასებით, "საარჩევნო კოდექსთან" დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას აზრი ეკარგება.
ამის შესახებ დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციისა და ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"მთავარი, რაც გავიგეთ ის არის, რომ ვენეციის კომისის შეფასება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით მარტის ბოლოს გამოქვეყნდება. სადღაც აპრილის დასაწყისში ჩვენ ამას გავიგებთ და ოქტომბერში არჩევნებს ჩავატარებთ ისევ მანკიერი სისტემით. ვფიქრობ, უბრალოდ აზრი ეკარგება ხოლმე ამგვარი შეფასებების ამ დროს გამოქვეყნებას, იმიტომ რომ ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ. უბრალოდ რა აზრი აქვს მერე ამ შენიშვნების გაზიარებას?! რომელი წლისთვის უნდა აღასრულოს ხელისუფლებამ და რომელმა ხელისუფლებამ ეს შენიშვნები - 2020 წელს, 2024-ში თუ 2056-ში?", -განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები თავადაც გაკვირვებულები დარჩნენ იმ ახალი საარჩევნო გეოგრაფიით, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა და ფიქრობენ, რომ ეს ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობის პროცესს უმეტესწილად გაართულებს.
"ჩვენ ვუთხარით, რომ ზოგიერთი რაიონი, რომელიც ერთმანეთს გეოგრაფიულად არ ესაზღვრება, საარჩევნო საჭიროებისთვის დააკავშირეს ერთმანეთთან. შეიქმნა გრანდიოზული საარჩევნო ოლქები. ადამიანებს საარჩევნო კანდიდატებად კი არ ვაგზავნით იქ, ვაგზავნით საარჩევნო მოგზაურობაში. ეს საარჩევნო მაზოხიზმი, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაამკვირდა, ძალიან მძიმე შედეგებით მოუტრიალდება ქვეყანას", - დასძინა გია ცაგარეიშვილმა.