ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ჩაშლილ საკონსტიტუციო რეფორმასა და საარჩევნო კოდექსის შესახებ მსჯელობენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განუცხადა, ეს არის ის ორი ძირითადი საკითხი, რომლის თაობაზეც ვენეციის კომისიის იურისტებთან შეხვედრაზე იქნება საუბარი.
"გვინდა ვისაუბროთ ჩაშლილ საარჩევნო რეფორმაზე, იმაზე თუ როგორ მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ გაუგებარი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რასაც ვიღაცამ ხელისუფლებაში დაარქვა საარჩევნო რეფორმა. საუბარი იქნება ასევე იმ წარმოუდგენელ საარჩევნო გეოგრაფიაზე, რომელიც შემოგვთავაზა "ქართულმა ოცნებამ" და ახლებურად გადაკერა, დაჩეხა, დაანაწევრა საარჩევნო ოლქები, რაც, რა თქმა უნდა, არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებას გაართულებს. საუბარი ასევე იქნება ჩაშლილ საკონსტიტუციო რეფორმაზე. სამი წელი გახდა მას შემდეგ რაც დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო კომისია "მუშაობს" და მხოლოდ რამდენიმე სხდომა ჩატარდა. სხვა სხდომები ჩაიშალა კვორუმის არარსებობის გამო. ისინი ხელს იშვერდნენ ოპოზიციისკენ, არადა უმრავლესობა ამ კომისიაში მათია", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მისივე თქმით, ასევე წარმოუდგენელი მოვლენა იყო ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ჯერ მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები და შეფასებისთვის მხოლოდ ამის შემდეგ გადაუგზავნა ვენეციის კომისიას. ცაგარეიშვილის თქმით, როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა ხელისუფლებამ მისი წინამორბედისგან "ნაციონალური მოძრაობისგან" გადაიღო.
"მე მაინტერესებს, ვენეციის კომისიისგან რომ ნეგატიური შეფასება მოვიდეს, რა უნდა ვქნათ ჩვენ, მსოფლიოს რომელ ქალაქში უნდა შევიკრიბოთ, ვენეციაში ეტყობა ვერ შევიკრიბებით. გამოგონილ ახალ ქალაქს ალბათ აღმოვაჩენთ "ქართული ოცნების" მიერ დაჩეხილ საქართველოს რუკაზე, იქ შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ ვენეციის კომისიის ნეგატიურ შეფასებაზე. ეს არის აბსურდის თეატრი", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
საქართველოს ვენეციის კომისიის დელეგაცია სტუმრობს, რომელიც დღეს დილიდან თბილისში შეხვედრებს მართავს. ვენეციის კომისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ცესკო-ს წარმომადგენლებს, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს. მათ ასევე დაგეგმილი აქვთ შეხვედრები "ქართულ ოცნებასთან", საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და არასამთავრობო სექტორთან.