"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო ერთ პირთან მოლაპარაკებებით და ეს ერთი პირი იყო ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გოგორიშვილის თქმით, ვენეციის კომისია იზიარებს პოზიციას, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გადასაწყვეტია, როგორი საარჩევნო სისტემა უნდა იყოს ქვეყანაში. თუმცა, მისივე თქმით, "ოცნებას" სრული კონსენსუსი აქვს ივანიშვილთან და არა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან.
"ვენეციის კომისია ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ ოპოზიციის მოსაზრებები შეაფასოს, არამედ იმისთვის, რომ შეაფასოს როგორ შეასრულა ხელისუფლებამ ის ვალდებულებები, რომლებიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარეობდა. როგორი უნდა იყოს საარჩევნო სისტემა, ეს არის ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის გადასაწყვეტი – ასეთი იყო ვენეციის კომისიის მოსაზრება. მთავარია, რომ პროცესი მიდიოდეს ღიად, გამჭვირვალედ, მაქსიმალური კონსესუსის პირობებში მოხდეს გადაწყვეტილების მიღება და შეძლებისდაგვარად გათანაბრდეს საარჩევნო ოლქები", - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში პირველი მოსმენით მიღებულ ცვლილებებს არანაირი საერთო არ ჰქონდა უკვე მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებთან, ვინაიდან, გოგორიშვილის მტკიცებით, წინა საღამოს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და ყოფილმა პრემიერმა მისცა მათ ჩამოწერილი ოლქები, თუ როგორ უნდა ყოფილიყო გადანაწილებული.
"მათ აქვთ სრული კონსესუსი ბიძინა ივანიშვილთან და არანაირად ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და ვენეციის კომისიამ ეს ძალიან კარგად იცის, თუნდაც იმ ერთი მაგალითიდან გამომდინარე, რომ უკვე მიღებული კანონი გაუგზავნეს რეკომენდაციებისთვის და არა კანონპროექტი. ეს ვენეციის კომისიასთან კარგი ურთიერთობის ტრადიციაში არ ჯდება", – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.
ვენეციის კომისიის ექსპერტები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს პარლამენტში შეხვდნენ. ამ წუთებში თბილისში ვიზიტით მყოფი ექსპერტები აუდიენციას "თავისუფალ დემოკრატებთან" მართავენ.