ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი გაზეთ „პრაიმტამთან“ ინტერვიუში ახალი საჩოგბურთო ბაზის მშენებლობის შესახებ საუბრობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინვესტორთა ეს ჯგუფი მზად არის, ჩოგბურთის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს აბსოლუტურად უფასოდ დაუთმოს მოედანი - მაგალითად, როდესაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია დაგეგმავს ნებისიერ შეჯიბრს: საქართველოს პირველობას, ფედერაციის თასს, დევისის თასს. აქვე, მოეწყობა ვეტერან ჩოგბურთელთა ტურნირებიც და განთავსდება ჩოგბურთის ფედერაციის ოფისიც.
განსაკუთრებით აღსაღნიშნავია, რომ ტერიტორიაზე ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების ფიტნეს ცენტრი აშენდება, რომელსაც ოპერირებას მსოფლიოში ცნობილი, საერთაშორისო ოპერატორი World Class გაუწევს. ფიტნეს ცენტრი აღიჭურვება თანამედროვე ტრენაჟორებით,“-განაცხადა მეტრეველმა.
პროექტის ფარგლებში ჩოგბურთის ორი დახრული მოედნის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნების და სარბენი ბილიკების მშენებლობა იგეგმება. ტერიტორიაზე 100-120-ნომრიანი სპორტული ტიპის სასტუმრო აშენდება, რომლის მენეჯმენტსაც საერთაშორისო ოპერატორი განახორციელებს. დაემატება ორი საცურაო აუზი, სპა, სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრი, ჯანსაღი კვების ობიექტი, ცნობილი სპორტული ბრენდის ექსკლუზიური მაღაზია.