ზურაბ ჭიაბერაშვილი - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი და ერთადერთი, ვინც მას არღვევს ”ქართული ოცნებაა”

ზურაბ ჭიაბერაშვილი - საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი და ერთადერთი, ვინც მას არღვევს ”ქართული ოცნებაა”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. 

შეხვედრას, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებიან. 

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე სწორედ რეგიონულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის აუცილებლობაზე ისაუბრებენ. 

"ქვეყანაში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გადავიდეთ სამხარეო პროპორციულ მოწყობაზე, როცა საქმე არჩევნებს ეხება, მაგრამ ერთადერთი ვინც ამ კონსენსუსს არღვევს არის "ქართული ოცნება", იმიტომ რომ მათ უნდათ მთელი საარჩევნო სისტემა სათავისოდ მოირგონ და ამის წყალობით დარჩნენ ხელისუფლებაში, იმ დროს როდესაც ლეგიტიმაცია და მხარდაჭერა ხალხისგან დაკარგული აქვთ. ჩვენ ვენეციის კომისიასთან გვექნება საუბარი იმაზე, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო ოლქების ჭრა-კერვა და დამახინჯება იმ სისტემის, რაც თუნდაც აქამდე არსებობდა", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ინტერპარტიულ ჯგუფთან ერთად ითხოვს, რომ სამხარეო პროპორციული სისტემით არჩევნები 2016 წელსვე ჩატარდეს და ამ მოთხოვნას მხარს უჭერს ამომრჩეველთა კონსტიტუციით განსაზღვრული ნაწილი, კერძოდ, შეგროვებულია 200 000-ზე მეტი ხელმოწერა, რაც ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხისგან უწყება მიიღოს სამხარეო პროპორციული სისტემით არჩევნების 2016 წელსვე ჩატარების აუცილებლობის შესახებ.