საქართველოში ზოგან ძალიან ბევრი ამომრჩეველია, ზოგან კი პირიქით. ეს ქმნის არათანაბარ ძალას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ვენეციის კომისიის იურისტმა არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების დაყოფის საკითხებში გაელ მარტინ მიკალეფიმ "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიზანი სწორედ ამ სხვაობის შემცირება იყო, თუმცა კომისიას ახალი რეფორმის სიღრმისეული შეფასება მაინც სჭირდება.
"ვაპირებთ მივიღოთ ინფორმაცია პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან, რათა ვენეციაში, მარტში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოვემზადოთ. გვინდა გავიგოთ, როგორ წარიმართა პროცესი, იყო თუ არა ის ინკლუზიური, რა არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პოზიცია. საქართველოში ზოგან ძალიან ბევრი ამომრჩეველია, ზოგან კი პირიქით. ეს ქმნის არათანაბარ ძალას. ჩვენი რეკომენდაციის მიზანი სწორედ ამ სხვაობის შემცირება იყო, თუმცა ამ ახალი რეფორმის სიღრმისეული შეფასება მაინც გვჭირდება", - განაცხადა გაელ მარტინ მიკალეფიმ.
თბილისში ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში დელეგაციის წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმყოფებიან, რის შემდეგაც საქართველოს პარლამენტს ეწვევიან. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორთან. არ არის გამორიცხული, ვენეციის კომისიის ექსპერტებმა აუდიენცია ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთანაც გამართოს.