დღეიდან საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა

დღეიდან საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი გაუქმდა

საქართველოს მიერ ირანისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 15 თებერვლიდან გაუქმდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ირანის ელჩის მოადგილე მოჰსენ ქებრიაიმ განუცხადა. 
როგორც ელჩის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მიერ ირანთან უვიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად შეფერხდა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა და ეკონომიკური ურთიერთობები. 
"ზოგადად, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება მაშინ, როდესაც ხალხთაშორის არის თავისუფალი მიმოსვლა, როდესაც ინვესტორი თავისუფლად შემოდის და თავის სასურველ სფეროში აბანდებს კაპიტალს, იწყებს ეკონომიკურ საქმიანობას. უვიზო რეჟიმის გაუქმებამ ასახვა ჰპოვა საქართველოსა და ირანს შორის სავაჭრო ბრუნვაზე. თუ 2012-13 წლებში სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, დღეს 130 მილიონამდეც არაა. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება, იმიტომ რომ საქართველოს და ირანს აქვთ პოტენციალი სავაჭრო ბრუნვა გაზარდონ", - განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ. 
ამასთან, რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს აბას თალები ფარის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ირანის მხარისთვის ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, 2016 წლის 15 თებერვლიდან კვლავ ამოქმედდეს შეთანხმება "საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზების ორმხრივად გაუქმების შესახებ", რომელიც ქართული მხარის მიერ 2013 წლის 1 ივლისიდან დროებით იქნა შეჩერებული.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ირანის მხარეს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ოფიციალური ნოტა. 
"აღნიშნული გადაწყვეტილებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მოქმედ ორდინალურ პასპორტებს, უფლება ექნებათ ისარგებლონ, საქართველოს ტერიტორიაზე პირველი შესვლის დღიდან, ვიზის გარეშე ორმოცდახუთ (45) დღემდე ყოფნის უფლებით.
შეხვედრის ფარგლებში ასევე მიმოხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარება ტურიზმის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტრანზიტის კუთხით", - განმარტეს სამინისტროში.