საქართველოს პარლამენტის მოწვევით თბილისში მყოფი ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტები შეხვედრებს დღეიდან გამართავენ.
სტუმრები სამუშაო შეხვედრების გასამართად ცოტა ხანში საქართველოს პარლამენტს ეწვევიან, თუმცა იქამდე პირველ შეხვედრას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მართავენ.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნის მომზადება.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან. პარლამენტში სტუმრობისას უცხოელი ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრებს. ასევე დაგეგმილია აუდიენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. არსებული ინფორმაციით, ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტები შესაძლოა ინტერპარტიული ჯგუფის წევრებსაც შეხვდნენ.