მიუნხენის უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის ხელმძღვანელმა ვოლფგანგ იშინგერმა თავის დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ მსოფლიო თანამეგობრობა უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რომელთა გადაწყვეტა უკიდურესად რთულია.
მისივე თქმით, ოპტიმიზმის საბაბიც ძალიან ცოტაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ გამოწვევებზე პასუხები არ მოიძებნოს.
"ამ კონფერენციის გახსნისას ვთქვი, რომ სურათი საკმაოდ პესიმისტურია და მისი შედეგები, სამწუხაროდ, საშუალებას არ იძლევა ეს გამონათქვამი უარვყოთ. ჩვენ პირისპირ ვაწყდებით კონფლიქტების გადაწყვეტის უშედეგო მცდელობებს. საქმე გვაქვს არასტაბილურ და არაპროგნოზირებად სიტუაციებთან. ვხედავთ, რომ დევნილების რაოდენობა იზრდება. ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ საქმე გვაქვს დიპლომატიისადმი უნდობლობასთან - მისი აღდგენა ყველაზე ძნელია", - აცხადებს იშინგერი.
ფორუმის ხელმძღვანელმა ასევე შეახსენა მონაწილეებს იმ სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის შედგა და განაცხადა, რომ დიდი სახელმწიფოების ლიდერებმა გადაწყვიტეს, მიუნხენის შეთანხმებები ამუშავდეს. მან მონაწილეებს მოუწოდა, იმედი არ დაკარგონ. "დაე, მიუნხენის გზავნილმა ჩაგვისახოს მცირე იმედი", - აღნიშნა იშინგერმა.
მისივე ინფორმაციით, მიუნხენის უსაფრთხოების მომდევნო კონფერენცია 2017 წლის 10 თებერვალს გაიმართება.