საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კრისტოფ ჰოისგენთან შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზების ლიბერალიზაციის პროცესებზე და აღნიშნეს, რომ საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა.
კრისტოფ ჰოისგენმა ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.