ვისაც ჰააგის სასამართლო გამოძიების პროცესში გამოკითხავს, სიმართლე უნდა ილაპარაკოს

ვისაც ჰააგის სასამართლო გამოძიების პროცესში გამოკითხავს, სიმართლე უნდა ილაპარაკოს

ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვისაც ჰააგის სასამართლო აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში გამოკითხავს, სიმართლე უნდა ილაპარაკოს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში მიუნხენიდან ჩართვისას იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შეხვდა თუ არა ის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას.

"გუშინ ვეურთიერთე. მას არ ვიცნობდი, მაგრამ ამ ორგანოს ბევრ თანამშრომელს ვიცნობ იმიტომ, რომ ჩემი პირველი კარიერა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალი და კონფლიქტების სამართალი იყო. ჩემს სადოქტორო დისერტაციას, რომელიც არ დავამთავრე, ამ საკითხზე ვწერდი. ასე, რომ დაახლოებით, საქმის კურსში ვარ. ეს არის მრავალწლიანი პროცესი. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, ვისაც გამოკითხავენ, მათ სიმართლე უნდა ილაპარაკონ. სიმართლე, როგორც ყველაფერი იყო, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვინ არის ახლა საქართველოს ხელისუფლებაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში არის ივანიშვილი, რომლისთვისაც პრინციპული იყო, რომ ყველაფერი საქართველოსთვის დაებრალებინა.

"მისთვის პრინციპული იყო, რომ რუსული ვერსია დადასტურებულიყო. ეს არის კაცი, რომელმაც ძალიან კარგად იცის მოწმეების მანიპულირებაც და ყველა სხვა მექანიზმის გამოყენება ამ მიმართულებით. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს რეჟიმი ძალიან დროებითია. ეს გამოძიება მრავალწლიანია და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, სიმართლე საბოლოოდ გაირკვევა და საბოლოო ჯამში, როდესაც ცვლილებები რუსეთშიც მოხდება, ხელმისაწვდომი გახდება რუსული მასალები და რუსეთში მყოფი ის დამნაშავეები, რომელთაც რეალურად ის გააკეთეს, რაც საქართველოში მოხდა", - განაცხადა სააკაშვილმა.