ქართველმა მორაგბეებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 29:3 დაამარცხეს. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიასთან ევროპის ერთა თასის 2016 წლის გათამაშების მეორე ტურის მატჩი ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გამართა. მატჩში ლელოები გიორგი თხილაიშვილმა, მერაბ კვირიკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ და ლევან შარიქაძემ დადეს. ამასთან, კვირიკაშვილის ანგარიშზე კიდევ ერთი საჯარიმო და 3 გარდასახვაცაა.
"ბორჯღალოსნები", რომლებსაც მაქსიმალური - 10 ქულა აქვთ, რჩებიან ევროპის ერთა თასის სატურნირო ცხრილის სათავეში. 9-9 ქულა აქვთ რუსეთსა და რუმინეთს.
ტურნირზე მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 27 თებერვალს თბილისში, ვაკის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.