წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი მიტროპოლიტი ანდრია იქნება

წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი მიტროპოლიტი ანდრია იქნება

ივნისში კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრების სამდივნოში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა იქნება. ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ წმინდა სინოდის განჩინებაში. 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდის კრებამ მსოფლიო საზოგადოებისადმი წმინდა და დიდი კრების მიმართვის ტექსტის შემდგენელი სარედაქციო კომისიის წევრად თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაასახელა.

განჩინებაში ასევე საუბარია წმინდა და დიდ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად მღვდელმთავრების შერჩევაზე. კერძოდ, ამ მიზნით საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდიდან 24 მღვდელმთავარი შეირჩევა.

განჩინებაში ერთ-ერთ საკითხად ასევე აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდის წევრების, სასულიერო პირებისა და ღვთისმეტყველების საკითხებზე მომუშავე პირთა სამუშაო შეხვედრები შედგება, რათა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია წმინდა და დიდ კრებისთვის საბოლოო სახით ჩამოყალიბდეს.